გილოცავთ ევროპის დღეს!
გილოცავთ ევროპის დღეს! პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ევროპის დღეს ევროპის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოთა 33-ე საგაზაფხულო კონფე...
2025-09-22
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, პირდაპირი მარკეტინგი განიმარტება, როგორც საიმიჯო და სოციალური თემატიკისადმი ინტერესის ფორმირება და შენარჩუნება, ასევე რეალიზაციის ან/და მხარდაჭერის მიზნით ინფორმაციის მონაცემთა სუბიექტისთვის/ამომრჩევლისთვის მიწოდება.
გასათვალისწინებელია, რომ მხარდაჭერის მიზნით ამომრჩევლისთვის ინფორმაციის პირდაპირი და უშუალო მიწოდება, ტელეფონის, ფოსტის, ელექტრონული ფოსტის ან სხვა ელექტრონული საშუალების გამოყენებით, წარმოადგენს პირდაპირ მარკეტინგს, რომელიც შეიძლება იყოს წინასაარჩევნო კამპანიით (აგიტაციით) განსაზღვრულ ღონისძიებათა შემადგენელი კომპონენტი. აღნიშნული მიზნით ამომრჩევლის მონაცემების დამუშავებისთვის დაცული უნდა იყოს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლით (მონაცემთა დამუშავება პირდაპირი მარკეტინგის მიზნით) დადგენილი შემდგომი მოთხოვნები:
- მიუხედავად მონაცემთა შეგროვების/მოპოვების საფუძვლისა და მათი ხელმისაწვდომობისა, პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავება შეიძლება მხოლოდ ამომრჩევლის თანხმობით;
- ამომრჩევლის სახელის, გვარის, მისამართის, სატელეფონო ნომრისა და ელექტრონული ფოსტის მისამართის გარდა, პირდაპირი მარკეტინგის მიზნით სხვა მონაცემთა დამუშავებისთვის აუცილებელია მისი წერილობითი თანხმობა;
- თანხმობის მიღებამდე და პირდაპირი მარკეტინგის განხორციელებისას დამუშავებისთვის პასუხისმგებელმა პირმა/დამუშავებაზე უფლებამოსილმა პირმა ამომრჩეველს ნათლად, მარტივ და მისთვის გასაგებ ენაზე უნდა განუმარტოს თანხმობის ნებისმიერ დროს გამოხმობის უფლება და აღნიშნულის განხორციელების მექანიზმი/წესი;
- დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი/დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ ამომრჩეველს შესაძლებლობა ჰქონდეს, მოითხოვოს პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა იმავე ფორმით, რომლითაც პირდაპირი მარკეტინგი ხორციელდება ან განსაზღვროს სხვა ხელმისაწვდომი და ადეკვატური საშუალება მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის მოთხოვნისთვის;
- პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის მოთხოვნისთვის გათვალისწინებული საშუალება (მაგალითად, “NO SMS”) უნდა იყოს მარტივი. ამასთანავე, ამომრჩეველს უნდა მიეცეს მკაფიო და ადვილად აღსაქმელი მითითება მისი გამოყენების შესახებ;
- ამომრჩევლის მიერ თანხმობის გამოხმობის უფლების განსახორციელებლად დაუშვებელია საფასურის ან სხვა შეზღუდვის დაწესება.
ამომრჩევლის თანხმობა მისი პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემების დამუშავების თაობაზე უნდა იყოს ნებაყოფლობითი, კონკრეტული და აქტიური მოქმედებით გამოხატული, რაც გულისხმობს, რომ მას ჰქონდეს დეტალური ინფორმაცია, კერძოდ:
- ფიზიკური პირის/ორგანიზაციის, მათ შორის, პოლიტიკური პარტიის მიერ მისი მონაცემების (მაგალითად, სატელეფონო ნომერი, სახელი, მისამართი და ა.შ.) დამუშავების შესახებ;
- მარკეტინგული შეტყობინების მისთვის გაგზავნის საშუალების თაობაზე (მოკლეტექსტური შეტყობინება, ელ. ფოსტა, სატელეფონო ზარი);
- მის მიერ გაცხადებული თანხმობის ნებისმიერ დროს უკან გამოხმობის შესახებ.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური, როგორც მონაცემთა დამუშავების კანონიერების მაკონტროლებელი დამოუკიდებელი ორგანო, მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, პირდაპირი მარკეტინგის განხორციელებისას დაიცვან „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ამომრჩევლის უფლებები და იმოქმედონ კანონით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.