date

2025-06-24

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომლებსა და სოლერნოს (იტალია) უნივერსიტეტის პროფესორს, შედარებითი სამართლის დოქტორს, ჯოვანი რიჩოს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა


პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომლებსა და სოლერნოს (იტალია) უნივერსიტეტის პროფესორს, შედარებითი სამართლის დოქტორს, ჯოვანი რიჩოს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც განხილული იქნა ქართული და იტალიური მონაცემთა დაცვის მარეგულირებელი სამართლებრივი ჩარჩო, მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაციის (GDPR) ცალკეულ ნორმათა ეროვნულ კანონმდებლობაში იმპლემენტაციის საკითხები და ევროპის ქვეყნების მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოთა საუკეთესო პრაქტიკა. 

პროფესორმა, როგორც სხვადასხვა ორგანიზაციის მონაცემთა დაცვის ოფიცერმა, ერთ-ერთი მსხვილი ორგანიზაციის პარტნიორმა, სამსახურის თანამშრომლებს გაუზიარა მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაციის დებულებათა პრაქტიკაში სწორი იმპლემენტაციისთვის აუცილებელი რეკომენდაციები. საუბარი შეეხო ასევე მონაცემთა დამუშავების უსაფრთხოების პრინციპის დაცვის მნიშვნელობას და დამუშავებისთვის პასუხისმგებელი/დამუშავებაზე უფლებამოსილი პირების მხრიდან ამ პრინციპის დარღვევის შემთხვევაში საზედამხედველო ორგანოთა მხრიდან გასატარებელი ღონისძიებების მართლზომიერებას. სამუშაო შეხვედრის ფარგლებში პროფესორმა ყურადღება გაამახვილა მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაციითა (GDPR) და ხელოვნური ინტელექტის რეგულაციით (AI Act) გათვალისწინებულ ვალდებულებებზე და ამ მიზნით მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასების დოკუმენტის წარმოებისა (DPIA) და ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებზე ზემოქმედების შეფასების (FRIA) აუცილებლობაზე. 

შეგახსენებთ, რომ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებზე ზემოქმედების შეფასება ევროკავშირის ხელოვნური ინტელექტის რეგულაციის (AI Act) ერთ-ერთი მთავარი საყრდენია. მისი მიზანია მაღალი რისკის მქონე ხელოვნური ინტელექტის სისტემების უსაფრთხოების უზრუნველყოფა  ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებთან, მათ შორის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობასთან, თანასწორობასთან, გამოხატვის თავისუფლებასა და დისკრიმინაციის აკრძალვასთან მიმართებით.

მსგავსი სიახლეები