YouTube-ი და პერსონალური მონაცემების დაცვა

YouTube-ი და პერსონალური მონაცემების დაცვა

YouTube-Google-ის მფლობელობაში არსებული უმსხვილესი ვიდეო პლატფორმაა, რომელიც ვიდეორგოლების გაზიარებისთვისაა შექმნილი. მას აქვს ისეთი სერვისები როგორიცაა YouTube Kids, YouTube Premium, YouTube Music, YouTube Shorts, YouTube TV.

YouTube-ის მიერ მონაცემთა დამუშავების მარეგულირებელი დოკუმენტია Google-ის კონფიდენციალურობის პოლიტიკა, ხოლო YouTube Kids-ს კი დამატებით, მისი მომსახურების სპეციფიკასთან დაკავშირებული წესები გააჩნია. YouTube-ი პროფესიული, ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში მისი სერვისით მომსახურე პირების მიერ განთავსებულ აუდიო/ვიზუალურ ინფორმაციას „მონაცემთა დამუშავების პირობების“ შესაბამისად ამუშავებს.

აპლიკაციის ზოგადი სერვისებით სარგებლობა (ვიდეორგოლის მოძიება და ნახვა) შესაძლებელია არარეგისტრირებული მომხმარებლისთვის, რა დროსაც პლატფორმისთვის შესაძლოა ხელმისაწვდომი იყოს ისეთი ინფორმაცია როგორიცაა: მოწყობილობის მონაცემები, ინტერნეტ პროტოკოლის (IP) მისამართი, მზა ჩანაწერების (cookies) მეშვეობით მოპოვებული ინფორმაცია.

Youtube-ის სრული სერვისებით სარგებლობისთვის (ვიდეორგოლების მოძიება, ნახვა, დაკომენტარება, მოწონება, არხის გამოწერა და ა.შ.) მომხმარებელმა უნდა გამოიყენოს Google-ის ანგარიში, რაც გულისხმობს რომ მისი პერსონალური მონაცემები Google-ის კონფიდენციალურობის პოლიტიკით განსზღვრული მიზნების შეიძლება დამუშავდეს.

როგორ იყენებს YouTube-ი ანგარიშთან დაკავშირებულ ინფორმაციას?

აპლიკაციამ მომხმარებლის მონაცემები შესაძლოა გამოიყენოს მისთვის სერვისების მიწოდების გაუმჯობესებისთვის, მაგალითად, შეახსენოს მას თუ რომელი ვიდეო აქვს ნანახი, მიაწოდოს მისთვის რელევანტური რეკომენდაციები, ძებნის შედეგები. მომხმარებლის აქტივობა აპლიკაციაში და სხვა ინფორმაცია შესაძლოა YouTube-ითა და Google-ის პროდუქტებით სარგებლობისას მასზე მორგებული რეკლამების შეთავაზებისთვისაც გამოიყენონ. მომხმარებელს შეუძლია შეზღუდოს მისი აქტივობის შესახებ ინფორმაციის შენახვა YouTube-ის პარამეტრებიდან (“Your Data in YouTube”), ხოლო სარეკლამო მიზნებისთვის მონაცემთა დამუშავება „სარეკლამო ცენტრიდან“ (“My Ad Center”).

აპლიკაციამ შესაძლოა დეპერსონალიზებული, გაერთიანებული მონაცემები მომსახურების გაუმჯობესებისთვის გამოიყენოს. მაგალითად, მისი დიაგნოსტიკის მეთოდით, რომელიც უზრუნველყოფს YouTube-ის აპლიკაციის შემოწმებას, ხარვეზების (ე.წ. “bug”-ების) გამოსწორებას, სიჩქარისა და შესრულების ხარისხის გაუმჯობესებას.

რა პრინციპით განსაზღვრავს YouTube-ი მომხმარებლის ადგილმდებარეობას?

  • საცხოვრებელი/სამუშაო ადგილის მისამართის  მითითების შემთხვევაში, ეს ინფორმაცია YouTube-მა შეიძლება გამოიყენოს მომხმარებლის ადგილმდებარეობის განსაზღვრისთვის.  
  • ინტერნეტ პროტოკოლის (IP) მისამართით, რაც უნიკალური ინფორმაციაა და ინტერნეტ ქსელის მომსახურების მიმწოდებლისგან ყველა მოწყობილობას ენიჭება, იგი აუცილებელია ინტერნეტით სარგებლობისთვის. ამგვარად, ნებისმიერი ვებგვერდისთვის, აპლიკაციისთვის, რომლითაც სარგებლობს პირი, მისი ზოგადი ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი ხდება. IP მისამართი მომხმარებლის მოწყობილობისა და მის მიერ გამოყენებულ აპლიკაციებს შორის კავშირს უზრუნველყოფს.

როგორ იყენებს YouTube-ი მომხმარებლის ადგილმდებარეობის მონაცემებს?

YouTube-მა შესაძლოა გამოიყენოს „ზოგადი ადგილმდებარეობის“ შესახებ ინფორმაცია (IP მისამართის მეშვეობით), იმისათვის რომ მომხმარებლებს მათ ტერიტორიაზე რელევანტური შინაარსის ვიდეოები შესთავაზოს. აღნიშნული პრინციპი მოქმედებს ვიდეოს ატვირთვის შემთხვევაშიც, რა დროსაც YouTube-ი მის განმთავსებელთან ტერიტორიულად ახლოს მყოფ აუდიტორიისთვის აღნიშნულ „კონტენტს“ გაუწევს რეკომენდაციას.

კონფიდენციალობის პოლიტიკის მიზნებისთვის „ზოგად ადგილმდებარეობა“ ფარავს 3კმ2 მეტი ფართობის ტერიტორიას, 1000-ზე მეტი მომხმარებლით. კონკრეტული მისამართის იდენტიფიცირება ამ შემთხვევაში არ ხდება, ხოლო ფართობის მასშტაბი უზრუნველყოფს მომხმარებლების პირადი ცხოვრების მეტ დაცულობას.

მომხმარებელს შეუძლია დროებით ხელმიუწვდომელი გახადოს ან სრულად წაშალოს მისი YouTube არხი, რაც გამოიწვევს მის მიერ განთავსებული ვიდეოების, კომენტარების, „პოსტების“ წაშლას.

 

მონაცემთა სუბიექტის უფლებების დაცვა მესამე პირთაგან

თუ YouTube-ის რომელიმე მომხმარებელმა, აღნიშნული პლატფორმის მეშვეობით გაავრცელა მესამე პირის პერსონალური ინფორმაცია მისი თანხმობის გარეშე, მონაცემთა სუბიექტს შეუძლია მიმართოს წესების შესაძლო დამრღვევს და მოსთხოვოს ამ ინფორმაციის წაშლა. თუ მათ შორის მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა ან მონაცემთა სუბიექტისთვის არ არის მისაღები/შეუძლებელია მათთან დაკავშირება, იგი უფლებამოსილია მიმართოს YouTube-ის ადმინისტრაციას მონაცემთა დაცვის საჩივრების განხილვის პროცედურის (Privacy Complaint Process) შესაბამისად.

თუ სავარაუდოა/იდენტიფიცირებადია რომ AI ტექნოლოგიების მეშვეობით შექმნილ პროდუქტში გამოიყენეს კონკრეტული პიროვნების პერსონალური მონაცემები (გამოსახულება/ხმა), მონაცემთა სუბიექტს შეუძლია მოითხოვოს აღნიშნული შინაარსის წაშლა ზემოთ ნახსენები პროცედურით.

კონფიდენციალურობის პარამეტრები

YouTube-ი სუბიექტის უფლებების განხორციელებას მისთვის კონფიდენციალურობის პარამეტრების მეშვეობით უზრუნველყოფს, რომლის მართვა ორი სხვადასხვა გზითა შესაძლებელი - Google-ის ანგარიშიდან (Google Account) ან უშუალოდ YouTube-ის აპლიკაციიდან („შენი მონაცემები YouTube-ში“ (Your Data in YouTube)). აღნიშნული ფუნქცია მომხმარებელს აწვდის ინფორმაციას იმ მონაცემების თაობაზე, რომელსაც პლატფორმა მის შესახებ ამუშავებს, მაგალითად ძებნისა და ნანახი ვიდეოების ისტორია. ამასთან, ეს ინფორმაცია არ არის საჯარო და მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებისთვის (მასზე მორგებული შინაარსის (ე.წ. „კონტენტის“) შეთავაზებისთვის) გამოიყენება.

მომხმარებელს შეუძლია სრულად ან ნაწილობრივ წაშალოს მისი ნანახი ვიდეოები ან ძებნის ისტორია, ასევე სრულად შეზღუდოს ამ ინფორმაციის შენახვა. აღნიშნულ შემთხვევებში მომხმარებელი ვეღარ მიიღებს მის ინტერესებზე მორგებულ რეკომენდაციებს.

ფარულად ხილვის რეჟიმი (Incognito Mode)

YouTube-ი დამატებით კონფიდენციალურობას ფარულად ხილვის რეჟიმის (Incognito mode) მეშვეობით უზრუნველყოფს. ფუნქციით სარგებლობის შემთხვევაში ინფორმაცია მომხმარებლის ანგარიშში არ აისახება და შესაბამისად მის მიერ პლატფორმით შემდგომ სარგებლობაზეც არ ექნება რაიმე სახის გავლენა. YouTube-ი აღნიშნულ რეჟიმში არ აღიქვამს კონკრეტულ მომხმარებელს და შესაბამისად მის ანგარიშთან დაკავშირებული ინფორმაცია (გამოწერილი არხები, ნანახი ვიდეოების ისტორია) არ იქნება გამოყენებული ამ პირებისთვის მორგებული „კონტენტის“ შეთავაზებისთვის. აღნიშნულ რეჟიმში კომენტარის დაწერის ან არხის გამოწერის ფუნქცია აქტიური არ არის. იმ შემთხვევაში თუ პირი 90 წუთის განმავლობაში არ იქნება აქტიური, ფარულად ხილვის რეჟიმი ავტომატურად დასრულდება და Google-ის ის ანგარიში გააქტიურდება, რომელსაც მომხმარებელი ბოლოს იყენებდა YouTube-ის პლატფორმაზე.

YouTube Kids-ის მიერ მონაცემთა დამუშავება

რა მონაცემებს აგროვებს YouTube Kids-ი?

YouTube Kids-ი აგროვებს:

  • ნფორმაციას მოწყობილობისა და აპლიკაციის შესახებ, რომელიც გამოიყენება სერვისზე წვდომისთვის, კერძოდ, მოწყობილობის ტიპი და პარამეტრები, „ლოგირებების“ შესახებ ინფორმაცია, IP მისამართი, აპლიკაციის ნომერი და უნიკალური იდენტიფიკატორები, რომლებიც მუშავდება აპლიკაციის ანდა მოწყობილობის შესახებ ინფორმაციის შესანახად (მაგალითად, აქტივობის, სასურველი ენის ან სხვა პარამეტრების მონაცემები).
  • აპლიკაციაში აქტივობის მონაცემებს (App activity), კერძოდ, ინფორმაციას იმის შესახებ თუ რა ვიდეოებს უყურებს, რა საძიებო ტერმინებს იყენებს არასრულწლოვანი. თუ ბავშვი იყენებს „ხმოვანი ძებნის“ ფუნქციას, აღნიშნული მონაცემები მუშავდება მხოლოდ მოქმედების შესასრულებლად და დაუყოვნებლივ წაიშლება.

YouTube Kids-ის კონფიდენციალურობის შეტყობინების თანახმად, იგი არ აგროვებს არასრულწლოვნების ისეთ პერსონალურ მონაცემებს, როგორიცაა სახელი, მისამართი, საკონტაქტო ინფორმაცია.

როგორ იყენებს YouTube Kids-ი მის მიერ შესრულებულ ინფორმაციას?

შეგროვებულ ინფორმაციას პლატფორმა იყენებს: შიდა ფუნქციონირების მიზნებისთვის, როგორიცაა მაგალითად „სპამისა“ და წესების დარღვევის პრევენცია, ასევე მომხმარებელზე მორგებული „კონტენტის“, რეკლამების შეთავაზებისთვის. YouTube Kids-ი უზღუდავს არასრულწლოვნებს მათი პერსონალური მონაცემების მესამე პირთათვის ან/და საჯაროდ გაზიარებას.

ზოგიერთ ქვეყანაში, YouTube-ი მშობლებს ანგარიშზე წვდომის ორ შესაძლებლობას ანიჭებს:

  • საკუთარი Google-ის ანგარიშის დაკავშირებით;
  • არასრულწლოვნისთვის ცალკე ანგარიშის შექმნით.

თუ მშობელი საკუთარი ანგარიშით გადაწყვეტს YouTube Kids-თან დაკავშირებას, აპლიკაცია შეაგროვებს მის ისეთ ინფორმაციას როგორიცა: ელექტრონული ფოსტის მისამართი და პაროლი, ასევე ამ ანგარიშთან დაკავშირებული სხვა საბავშვო ანგარიშების შესახებ ინფორმაცია და მშობლის მიერ განსაზღვრული მეთვალყურეობის პარამეტრები. დამატებით შესაძლოა მიეთითოს ბავშვის სახელი ან ზედმეტსახელი, მათი ასაკი და დაბადების თვე. აპლიკაცია, ასევე ამუშავებს მშობლის მიერ ნებადართული/დაბლოკილი ვიდეოებისა და გამოსაწერად (subscribe) მისაღები არხების შესახებ ინფორმაციას. გარდა ამისა, YouTube Kids-ი აგროვებს არასრულწლოვნის მიერ აპლიკაციით სარგებლობის შესახებ ინფორმაციას, კერძოდ ნახვისა და ძებნის ისტორიას.

 

ზემოთ მითითებულ ინფორმაციას YouTube Kids-ი იყენებს მშობლის მიერ ზედამხედველობის განხორციელებისთვის.

 

მშობელს შეუძლია გადაამოწმოს YouTube Kids-ზე ნანახი ვიდეოებისა და ძებნის ისტორია, შეზღუდოს ამ მონაცემების დამახსოვრების პარამეტრი ან წაშალოს უკვე შენახული მონაცემები

 

ინფორმაცია რომელსაც YouTube Kids-ი აზიარებს

 

როგორც კონფიდენციალურობის შეტყობინებაში აქვს მითითებული, Google-ის პლატფორმის გარდა, მომხმარებლის შესახებ ინფორმაციას YouTube Kids-ი არ გაუზიარებს მესამე პირებს, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, კერძოდ:

  • მშობლის თანხმობის საფუძველზე;
  • სამართლებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე - კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფისთვის ან სახელმწიფო დაწესებულების სავალდებულო მოთხოვნის შესრულებისთვის, პლატფორმის მომსახურების პირობების დაცვისთვის (სავარაუდო დარღვევების გამოსავლენად), კანონმდებლობის შესაბამისად Google-ის, მისი მომხმარებლების უფლებების დაცვისთვის ან საჯარო ინტერესის უზრუნველყოფისთვის.

 

YouTube Kids-მა საკუთარი პლატფორმის შეუფერხებლად ფუნქციონირებისთვის, მათ შორის უსაფრთხოების დაცვისთვის შეიძლება პერსონალური მონაცემები გადასცეს სხვა მასთან დაკავშირებულ ორგანიზაციებს (დამუშავებისთვის უფლებამოსილ პირებს).

 

საინტერესოა, რომ მართალია YouTube Kids-ი სრულ თანხვედრაშია Google-ის კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან, რომელიც #DataTechანალიტიკის წინა რუბრიკაში არის განხილული, თუმცა ამ ორი დოკუმენტის პირობებს შორის განსხვავებების არსებობისას უპირატესობა YouTube Kids-ის კონფიდენციალურობის შეტყობინებას ენიჭება.

 

წყაროები:

  1. https://kids.YouTube.com/t/privacynotice
  2. https://policies.google.com/privacy?hl=en
  3. https://policies.google.com/technologies/product-privacy?hl=en#:~:text=Apps%20Privacy%20Hub-,YouTube,-View%20and%20manage
  4. https://support.google.com/YouTube/topic/2803240?hl=en&ref_topic=6151248,3230811,3256124,&sjid=1928382649424632215-EU
  5. https://www.youtube.com/howyoutubeworks/user-settings/privacy/
  6. https://support.google.com/youtube/answer/10364219?hl=en