date

2025-10-20

საფრანგეთის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს გადაწყვეტილება სამუშაო სივრცის ვიდეომონიტორინგის შესახებ


2025 წლის 18 სექტემბერს საფრანგეთის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანომ (“CNIL”) სამუშაო სივრცის ვიდეომონიტორინგის შესახებ გადაწყვეტილება[1] მიიღო.

 

საქმის ფაქტობრივი გარემოებები

საქმის ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს - კომპანია “La Samaritaine”-ს (სავაჭრო ცენტრი) დაახლოებით 640 თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული.

2023 წლის ნოემბერში გამოქვეყნებული სტატიის თანახმად სავაჭრო ცენტრის სათავსოებში დამონტაჟებული სამეთვალყურეო კამერები შენიღბული იყო როგორც კვამლის დეტექტორი. აღნიშნული ინფორმაციისა და ერთ-ერთი თანამშრომლის საჩივრის საფუძველზე, მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანომ საკითხის შესწავლა დაიწყო, რათა შეემოწმებინა, არღვევდა თუ არა მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი ევროკავშირის „მონაცემთა დაცვის ძირითადი რეგულაციითა“ (“GDPR”) და საფრანგეთის მონაცემთა დაცვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.

საფრანგეთის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანომ დაადგინა, რომ მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელმა პირმა ხუთი ვიდეოკამერა დაამონტაჟა, რომელიც გარეგნულად კვამლის დეტექტორებს ჰგავდა და, ამავდროულად, აღჭურვილი იყო მოსასმენი აპარატურით. რამდენიმე კვირის განმავლობაში სამუშაო დროს იწერებოდა თანამშრომელთა აუდიო და ვიდეო გამოსახულებები. მოგვიანებით, დასაქმებულმა პირებმა კამერები ჩამოხსნეს, ხოლო მასში განთავსებული მეხსიერების ბარათები შეინახეს. 2023 წლის დეკემბერში დამუშავებისთვის პასუხისმგებელმა პირმა საფრანგეთის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს მეხსიერების ორი ბარათის ქურდობის შესახებ აცნობა.

დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის განმარტებით, აღნიშნული მოწყობილობა დროებით დამონტაჟდა, როგორც „სატესტო კამერა“, რომლის მიზანი არ ყოფილა თანამშრომელთა მეთვალყურეობა, არამედ — ქურდობის პრევენცია. გარდა ამისა, კომპანიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მათ არ იცოდნენ კამერებში მიკროფონების არსებობის შესახებ და რომ არასდროს ჰქონიათ წვდომა ჩანაწერებზე, რადგან კამერები მალევე ჩამოხსნეს და მეხსიერების ბარათები მოიპარეს. ასევე, განიმარტა, რომ კამერები არ იყო „შენიღბული“, ვინაიდან ისინი კედლებზე იყო ღიად განთავსებული. ამასთან, აღინიშნა, რომ სათავსოები თანამშრომელთა ძირითად სამუშაო ადგილს არ წარმოადგენდა.

საზედამხედველო ორგანოს შეფასება

საკითხის შესწავლის ფარგლებში, საფრანგეთის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანომ დაადგინა, რომ კომპანიას კამერების დამონტაჟებამდე ვიდეომონიტორინგის შესახებ ინფორმაცია ასახული არ ჰქონდა მონაცემთა დამუშავების ოპერაციების განმსაზღვრელ დოკუმენტში და არც მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასებაში (“DPIA”). გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ამ პროცესში მონაცემთა დაცვის ოფიცერი (“DPO”) მხოლოდ კამერების დამონტაჟებისა და შემდგომი დემონტაჟის ეტაპზე ჩაერთო.

საზედამხედველო ორგანომ აღნიშნა, რომ თანამიმდევრულობისა და სამართლიანობის პრინციპის დასაცავად, თანამშრომელთა სამუშაო სივრცეში დამონტაჟებული სამეთვალყურეო კამერები არ უნდა იყოს დაფარული და შენიღბული. თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (“ECtHR”) პრაქტიკის შესაბამისად (მაგალითად, საქმეში Bărbulescu v. Romania), გამონაკლის შემთხვევებში მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს შეუძლია დროებით დაამონტაჟოს არათვალსაჩინოდ განთავსებული სამეთვალყურეო სისტემა, თუმცა ასეთ შემთხვევაში ვალდებულია, უზრუნველყოს ვიდეომონიტორინგის განხორციელების შესაბამისობა ევროკავშირის „მონაცემთა დაცვის ძირითადი რეგულაციის“ მოთხოვნებთან, ანგარიშვალდებულების პრინციპის შესაბამისად.

აღნიშნულ შემთხვევაში კომპანიას დოკუმენტურად დაფიქსირებული უნდა ჰქონოდა  სამეთვალყურეო სისტემის გამოყენების პირობები. საზედამხედველო ორგანომ მიიჩნია, რომ კომპანიამ არ დანერგა შესაბამისი ზომები, რომლებიც უზრუნველყოფდა გონივრულ ბალანსს, ერთი მხრივ, საკუთრების დაცვისა და, მეორე მხრივ, თანამშრომელთა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას შორის.

გარდა ამისა, მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანომ განმარტა, რომ კვამლის დეტექტორების ფორმით დამონტაჟებულ კამერებს საწარმოს თანამშრომლები შეცდომაში შეჰყავდა. შესაბამისად, საზედამხედველო ორგანოს მოსაზრებით, კამერების დამონტაჟების მიზანს რეალურად თანამშრომელთა კონტროლი წარმოადგენდა. ასევე, დადგინდა GDPR-ის 5(1)(c) მუხლის — მონაცემთა მინიმიზაციის პრინციპის დარღვევა, ვინაიდან მიკროფონებით აღჭურვილი კამერები თანამშრომელთა პირად საუბრებს იწერდა. საზედამხედველო ორგანოს შეფასებით, თანამშრომელთა აუდიოჩანაწერების წარმოება გადამეტებული ზომა იყო, რაც არღვევდა მონაცემთა მინიმიზაციის პრინციპს.

გარდა ამისა, საფრანგეთის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანომ დაადგინა GDPR-ის 33-ე მუხლის დარღვევა, რადგან კომპანიამ საზედამხედველო ორგანოს არ აცნობა მონაცემთა უსაფრთხოების დარღვევის შესახებ. თავიდანვე აშკარა იყო, რომ მეხსიერების ბარათების დაკარგვა, რომლებზეც ინახებოდა თანამშრომელთა ვიდეო და აუდიოჩანაწერები წარმოადგენდა პერსონალურ მონაცემთა უსაფრთხოების დარღვევას.

ამასთან, დადგინდა GDPR-ის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევა, რადგან კომპანიამ მონაცემთა დაცვის ოფიცერს ვიდეოკამერების დამონტაჟების თაობაზე წინასწარი ინფორმაცია არ მიაწოდა. აღნიშნულის შესახებ ოფიცერმა მხოლოდ რამდენიმე კვირის შემდეგ შეიტყო. შესაბამისად, მას არ მიეცა შესაძლებლობა განეხორციელებინა თავისი საკონსულტაციო და ზედამხედველობითი ფუნქციები მონაცემთა დამუშავების პროცესში.

 საზედამხედველო ორგანოს გადაწყვეტილება

საფრანგეთის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანომ დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი ევროკავშირის „მონაცემთა დაცვის ძირითადი რეგულაციის“ მე-5 (1)(a)(c),(2), 33-ე (1)(5) და 38-ე (1) მუხლების დარღვევისთვის 100000 ევროს ოდენობით დააჯარიმა.

 

[1] CNIL (France) - SAN-2025-008, <https://gdprhub.eu/index.php?title=CNIL_(France)_-_SAN-2025-008> [20.10.2025].

მსგავსი #Datanewsroom