date

2025-08-13

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (“ECtHR”) გადაწყვეტილება პაციენტის თანხმობის შესახებ


2025 წლის 26 ივნისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (“ECtHR”) საქმეზე “S.O. v. Spain”[1] პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. საქმის ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, მომჩივანს მისი ინფორმირებული თანხმობის გარეშე ჩაუტარდა სამედიცინო მანიპულაცია, შესაბამისად, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის(შემდგომ - კონვენცია) მე-8 მუხლის სავარაუდო დარღვევაზე იმსჯელა.

  • საქმის ფაქტობრივი გარემოებები:

მომჩივანი სარძევე ჯირკვლის სიმსივნის დიაგნოზით მკურნალობდა მადრიდის ერთ-ერთ კლინიკაში, სადაც მან წერილობითი თანხმობა განაცხადა ქირურგიული ოპერაციის ჩატარების თაობაზე სარძევე ჯირკვლის შენარჩუნების მიზნით (“Breast-Conserving Surgery”). ხელმოწერილი ფორმა ითვალისწინებდა ოპერაციასთან დაკავშირებულ პროცედურებსა და შესაძლო რისკებს. გარდა ამისა, დოკუმენტში მოცემული იყო დათქმა, რომლის თანახმად, გაუთვალისწინებელი გარემოებების არსებობის შემთხვევაში, ქირურგს ჰქონდა უფლება, შეეცვალა ოპერაციის თავდაპირველად არჩეული ქირურგიული ტექნიკა.

2017 წლის 2 თებერვალს მომჩივანს ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია, რომლის დროსაც აღმოჩნდა, რომ სიმსივნე მკერდის არეოლასთან ახლო სხვა ტერიტორიაზეც იყო გავრცელებული, აქედან გამომდინარე, პაციენტს დამატებით ამოკვეთეს დვრილ-არეოლას კომპლექსი (NAC“). ონკოლოგიურ ქირურგიაში სიმსივნის სრული მოცილება პრიორიტეტულია, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში მკერდის რეკონსტრუქცია შესაძლებელი იქნებოდა პლასტიკური ოპერაციით, თუმცა შემდგომი ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ ამოკვეთილი არეალი სიმსივნით არ იყო დაზიანებული.

2017 წლის 13 სექტემბერს მომჩივანმა საჩივარი შეიტანა ადმინისტრაციულ ორგანოში (მადრიდის ჯანდაცვის დეპარტამენტი). იგი მიუთითებდა, რომ მას ოპერაცია სიმსივნისგან დაუზიანებელ ნაწილზეც გაუკეთდა, ასევე, აღნიშნავდა, რომ მან ინფორმირებული თანხმობა მხოლოდ მკერდის შემანარჩუნებელ ოპერაციასა და ლიმფური კვანძების ამოღებაზე გასცა.

მიუხედავად იმისა, რომ მოკვეთილი მკერდის ნაწილი სიმსივნით დაზიანებული არ იყო, ესპანეთის ადმინისტრაციულმა ორგანოებმა და სხვადასხვა ინსტანციის სასამართლომ მიიჩნიეს, რომ ოპერაცია სამედიცინო თვალსაზრისით გამართლებული იყო, ხოლო თანხმობის ფორმა აკმაყოფილებდა სამართლებრივ მოთხოვნებს.

  • ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შეფასება:

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო სამედიცინო მანიპულაცია ქალის პიროვნების მნიშვნელოვან ასპექტებს, მათ შორის, ფიზიკურ და ფსიქიკურ კეთილდღეობას, იმიჯს, თვითშეფასებას, სქესობრივ ცხოვრებას, ეხებოდა, რომლებიც კონვენციის მე-8 მუხლით დაცული პირადი სფეროს მნიშვნელოვან ელემენტებს წარმოადგენს. შესაბამისად, სასამართლომ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებაში ჩარევის მართლზომიერების შესახებ იმსჯელა.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ მკერდის შემანარჩუნებელი ოპერაციის ხასიათის, მიზნის, მასთან დაკავშირებული ზოგადი რისკებისა და შედეგების გათვალისწინებით, ექიმები ვალდებული იყვნენ წინასწარ ეცნობებინათ პაციენტისთვის დვრილ-არეოლას კომპლექსის ამოკვეთის შესახებ, აქედან გამომდინარე, აღნიშნულ საკითხზე აუცილებელი იყო წინასწარი თანხმობის მიღება. ამასთან, კლინიკის თანხმობის ფორმა არ იძლეოდა მკაფიო ინფორმაციას განხორციელებული ჩარევის შესახებ. სასამართლოს შეფასებით, სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო მომჩივნის უფლებების სათანადო დაცვა ინფორმირებული თანხმობის გაცემის კონტექსტში.

ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე “S.O. v. Spain” დაადგინა კონვენციის მერვე მუხლის დარღვევა.

 

 

[1] ECtHR, Case of S.O. v. Spain, Appl. No. 5742/22, 26 June 2025, <https://hudoc.echr.coe.int/?i=001-243823>, [4.08.2025].

მსგავსი #Datanewsroom