2025-07-03
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება დასაქმების მიზნით გაცემულ ცნობაში პერსონალური მონაცემების უკანონო გამჟღავნების შესახებ
2025 წლის პირველ ივლისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე ა.რ. გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (საჩივარი № 6033/19)[1] დაადგინა „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის“ მე-8 მუხლის („პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება“) დარღვევა. საქმე ეხებოდა გაერთიანებული სამეფოს კრიმინალური აღრიცხვის ბიუროს მიერ ლექტორის აკადემიურ პოზიციაზე მომჩივნის დასაქმების განაცხადთან დაკავშირებით გაცემულ ცნობას, რომელშიც აისახა ინფორმაცია მის მიმართ წარდგენილი გაუპატიურების ბრალდების შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ იგი აღნიშნულ საქმეში გამართლდა.
საქმის ფაქტობრივი გარემოებები
პროფესიით მასწავლებელი მომჩივანი ა.რ. დაიბადა 1978 წელს. იგი ტაქსის მძღოლად მუშაობდა. 2010 წლის მარტში მას ბრალად წარედგინა არასრულწლოვანი მგზავრის გაუპატიურება, თუმცა 2011 წლის იანვარში იგი გაერთიანებული სამეფოს ეროვნულმა სასამართლომ გაამართლა.
2011 წლის 22 მარტს, მომჩივნის ლექტორად დასაქმების განაცხადთან დაკავშირებით, გაერთიანებული სამეფოს კრიმინალური აღრიცხვის ბიურომ (“CRB”) გასცა კრიმინალური აღრიცხვის შესახებ დეტალური ცნობა (“ECRC”). მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, “ECRC”-ში პირის მსჯავრდებისა და ნასამართლობის შესახებ მონაცემებთან ერთად, პოლიციის უფროს ოფიცერს, დისკრეციის ფარგლებში, შეეძლო აესახა დამატებითი ინფორმაცია, რომელსაც მნიშვნელოვნად მიიჩნევდა. მომჩივნის შემთხვევაში, ცნობაში მითითებულ იქნა მის მიმართ წარდგენილი გაუპატიურების ბრალდებისა და შემდგომი გამართლების შესახებ ინფორმაცია.
2011 წლის ივნისში ა.რ.-მ წარადგინა ადმინისტრაციული საჩივარი, რომელშიც განმარტავდა, რომ აღნიშნული ინფორმაციის ცნობაში ასახვა არაპროპორციულად ზღუდავდა მის სამომავლო დასაქმების შესაძლებლობას, განსაკუთრებით საგანმანათლებლო სფეროში. საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ეროვნული უწყებების განმარტებით, ცნობის გაცემისას, სისხლის სამართლის პროცესთან შედარებით, მოქმედებდა მტკიცების დაბალი სტანდარტი, ხოლო ბრალდების სიმძიმისა და პედაგოგიურ საქმიანობასთან დაკავშირებული რისკების გათვალისწინებით მიღებული გადაწყვეტილება იყო პროპორციული.
2012 წლის მარტში, როდესაც მომჩივანმა ტაქსის კერძო მომსახურების ლიცენზიის მისაღებად შეიტანა განაცხადი, ბიურომ კვლავ გასცა ანალოგიური ცნობა, რომელშიც იგივე ინფორმაცია იყო ასახული. მომჩივანმა გადაწყვეტილებები ეროვნულ სასამართლოებში გაასაჩივრა, თუმცა მისი საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
მომჩივნის მოთხოვნა
„ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის“ მე-8 მუხლზე დაყრდნობით, მომჩივანი დავობდა მისი პერსონალური მონაცემების, კერძოდ - ბრალდებისა და შემდგომი გამართლების შესახებ ინფორმაციის არაპროპორციულ გამჟღავნებაზე. მომჩივნის განმარტებით, აღნიშნული ინფორმაციის ასახვა “ECRC”-ში კანონიერი საფუძვლის გარეშე, არღვევდა მისი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას. ა.რ.-ს მტკიცებით, მოქმედი საკანონმდებლო ჩარჩო არ იყო საკმარისად განჭვრეტადი, რის გამოც ჩარევა კანონიერად ვერ მიიჩნეოდა. ამასთან, ჩარევა არ წარმოადგენდა ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელ საშუალებას.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შეფასება
- პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებაში ჩარევა
სასამართლომ დაადგინა, რომ კრიმინალური აღრიცხვის შესახებ დეტალურ ცნობაში მომჩივნის პერსონალური მონაცემების, კერძოდ - მის მიმართ წარდგენილი ბრალდებისა და შემდგომი გამართლების შესახებ ინფორმაციის ასახვა წარმოადგენდა ჩარევას „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის“ მე-8 მუხლით დაცულ სფეროში. შესაბამისად, სასამართლომ იმსჯელა, იყო თუ არა ჩარევა გამართლებული, კერძოდ, შეფასდა:
- ჩარევის კანონშესაბამისობა;
- ლეგიტიმური მიზნები;
- დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებლობის კრიტერიუმი.
- დაცულ სფეროში ჩარევის გამართლების ზოგადი პრინციპები
ჩარევის „კანონთან შესაბამისობის“ მოთხოვნა გულისხმობს, რომ სადავო ღონისძიებას უნდა ჰქონდეს ეროვნულ კანონმდებლობასთან შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი. კანონმდებლობა უნდა ადგენდეს უფლებაში ასეთი ჩარევის შესაძლებლობას და იყოს შესაბამისობაში სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპთან.
სასამართლომ დამკვიდრებულ პრაქტიკაზე დაყრდნობით განმარტა, რომ ზემოაღნიშნულ მოთხოვნასთან მიმართებით „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია“ განსაზღვრავს ორ კრიტერიუმს: ხელმისაწვდომობას და განჭვრეტადობას. კერძოდ, ეროვნული კანონმდებლობა უნდა იყოს საჯაროდ ხელმისაწვდომი და ისეთი სიზუსტით ფორმულირებული, რომ ინდივიდმა, საჭიროების შემთხვევაში, სათანადო იურიდიული კონსულტაციის შედეგად, შეძლოს შედეგების განჭვრეტა, რომლებიც შეიძლება მის ქცევას მოჰყვეს.
ამასთან, კანონმდებლობა მკაფიოდ უნდა განსაზღვრავდეს სახელმწიფო ორგანოსთვის მინიჭებული დისკრეციის ფარგლებსა და განხორციელების წესს. იმ შემთხვევაში, როდესაც ეროვნულ ორგანოებს მინიჭებული აქვთ ფართო დისკრეცია, აუცილებელია არსებობდეს საკმარისი გარანტიები მისი თვითნებური გამოყენებისგან დასაცავად.
- ჩარევის კანონთან შესაბამისობა
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შეფასებით, წინამდებარე საქმეში ჩარევა არ იყო „კანონის შესაბამისი“, რადგან ეროვნული კანონმდებლობა, რომელიც არეგულირებდა პერსონალური მონაცემების გამჟღავნებას, არ იყო საკმარისად განჭვრეტადი და ეროვნულ ორგანოებს ფართო დისკრეციას ანიჭებდა სათანადო დამაბალანსებელი გარანტიების გარეშე. სასამართლო დაეყრდნო შემდეგ გარემოებებს:
- ეროვნული ორგანოების ფართო დისკრეცია
სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებისა და შემდგომი გამართლების შესახებ ინფორმაციის ასახვის სამართლებრივი საფუძველი იყო გაერთიანებული სამეფოს 1997 წლის პოლიციის აქტის 113B(4) მუხლი. სადავო პერიოდში ამ მუხლის მოქმედი რედაქციით, ცნობაში დამატებითი პერსონალური მონაცემების ასახვა შესაძლებელი იყო იმ შემთხვევაში, თუ პოლიციის უფროსი ოფიცრის შეხედულებით - აღნიშნული „შესაძლოა რელევანტური ყოფილიყო“.
კანონმდებლობით არ იყო განსაზღვრული კონკრეტულ შემთხვევაში ინფორმაციის „რელევანტურობის“ დადგენის კრიტერიუმები. ამასთან, არ მოითხოვებოდა „გონივრული ეჭვის“ სტანდარტის დაცვა - საკმარისი იყო მხოლოდ ოფიცრის სუბიექტური მოსაზრება.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შეფასებით, 113B(4) მუხლი პოლიციის უფროს ოფიცრებს ანიჭებდა კონკრეტული პირის შესახებ პერსონალური მონაცემების გამჟღავნების ზედმეტად ფართო დისკრეციას.
- სახელმძღვანელო ინსტრუქციის არარსებობა
სასამართლომ მხედველობაში მიიღო ფაქტი, რომ სადავო პერიოდში არ არსებობდა კანონით გათვალისწინებული სავალდებულო და საჯაროდ ხელმისაწვდომი ინსტრუქცია, რაც პოლიციის უფროს ოფიცრებს დაეხმარებოდა სადავო ცნობებთან დაკავშირებული დისკრეციული უფლებამოსილების სათანადო განხორციელებაში. სასამართლომ მიიჩნია, რომ მთავრობის მიერ მითითებული „ხარისხის უზრუნველყოფის შესახებ ჩარჩო დოკუმენტი“ ვერ ჩაითვლებოდა სათანადო ინსტრუქციად, ვინაიდან მას არ ჰქონდა შესასრულებლად სავალდებულო ძალა და საჯაროდ ხელმისაწვდომი არ იყო.
ამასთან, მართალია, ეროვნული სასამართლოების პრაქტიკიდან იკვეთებოდა გარკვეული სახელმძღვანელო პრინციპები, თუმცა ისინი ზოგადი ხასიათის იყო და არ ეხებოდა ცნობაში ასახულ ბრალდებასთან დაკავშირებით პირის გამართლებას.
- ჩარევის განჭვრეტადობა
სასამართლომ განმარტა, რომ გამართლებული პირების შემთხვევაში მათი ბრალდების შესახებ მონაცემების გამჟღავნების პროპორციულობის შეფასებისას გასათვალისწინებელია, მათ შორის, შემდეგი ფაქტორები: პერსონალური მონაცემების სისწორე, სიზუსტე და უდანაშაულობის პრეზუმფცია. სასამართლოს განმარტებით, სადავო ბრალდებების შესახებ ინფორმაციის დამსაქმებლებისთვის გამჟღავნება საჭიროებს განსაკუთრებით მკაფიო და დეტალური ინსტრუქციის არსებობას, რაც ნათლად განსაზღვრავს სახელმწიფო ორგანოების დისკრეციის ფარგლებსა და მისი განხორციელების წესს.
შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ გამართლებული პირისთვის ვერ იქნებოდა განჭვრეტადი, რომ ასეთი ბრალდების შესახებ ინფორმაცია კრიმინალური აღრიცხვის ცნობაში აისახებოდა.
- ჩარევის გავლენა მომჩივნის პირადი ცხოვრების უფლებაზე
სასამართლომ განმარტა, რომ განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების მკაფიო და განჭვრეტადი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გამჟღავნება წარმოადგენს დაბრკოლებას და ხელყოფს პირთა დასაქმების შესაძლებლობას. დამსაქმებელს შესაძლოა შექმნოდა შთაბეჭდილება, რომ სახელმწიფო ორგანოს მიერ გაცემულ ცნობაში აღნიშნული მონაცემების ასახვა გულისხმობდა ბრალდების საფუძვლიანობას, მიუხედავად იმისა, რომ პირი ეროვნული სასამართლოს მიერ გამართლდა.
- ეროვნული ორგანოების ფართო დისკრეციის საპირწონე ფაქტორები
სასამართლომ იმსჯელა ეროვნული უწყებებისთვის მინიჭებული ფართო დისკრეციის საპირწონედ მოქმედ დამაბალანსებელ მექანიზმებზე:
- წინასწარი განმარტების შესაძლებლობა - არსებობდა პროცედურა, რომელიც საშუალებას აძლევდა პირს, სადავო მონაცემების ცნობაში ასახვამდე წარმოედგინა საკუთარი პოზიცია, თუმცა ეს პროცედურა არ გამოიყენებოდა უნივერსალურად და სათანადოდ და ერთგვაროვნად განსაზღვრული არ იყო. მომჩივნის შემთხვევაში აღნიშნული მექანიზმი საერთოდ არ გამოყენებულა.
- დამოუკიდებელი პირის მიერ ცნობის გაცემამდე ინფორმაციის გადახედვა - სასამართლომ აღნიშნა, რომ 2011-2012 წლებში ეს მექანიზმი პრაქტიკაში დანერგილი არ იყო.
2012 წლის შემდეგ დიდი ბრიტანეთის კანონმდებლობასა და პრაქტიკაში განხორციელდა ცვლილებები განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების გამჟღავნებასთან დაკავშირებით, თუმცა სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული მომჩივნის საქმისთვის მნიშვნელობის მქონე არ იყო.
გადაწყვეტილება
ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ დასაქმების მიზნით გაცემულ კრიმინალური აღრიცხვის ცნობაში მომჩივნის ბრალდებისა და შემდგომი გამართლების შესახებ პერსონალური მონაცემების ასახვით დაირღვა „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის“ მე-8 მუხლით დაცული პირადი ცხოვრების უფლება. სასამართლოს შეფასებით, 2011-2012 წლებში მოქმედი კანონმდებლობა არ იყო საკმარისად განჭვრეტადი, სახელმწიფო ორგანოებს ზედმეტად ფართო დისკრეციას ანიჭებდა და არ უზრუნველყოფდა სათანადო გარანტიებს თვითნებური ჩარევისგან პირთა დასაცავად.
[1] A.R. v. the United Kingdom, Application no. 6033/19, Judgment of 1 July 2025, ECtHR.