date

2025-06-23

ევროკავშირის მონაცემთა დაცვის ზედამხედველმა (“EDPS”) მიგრაციის მართვის შესახებ მოსაზრება გამოაქვეყნა


2025 წლის 28 მაისს ევროკავშირის მონაცემთა დაცვის ზედამხედველმა (“EDPS”) ევროკავშირში არალეგალურად ცხოვრებ პირთა სამშობლოში დაბრუნების ერთიანი სისტემის (“Common System For the Return of Third Party Nationals”) შესახებ კანონპროექტის თაობაზე მოსაზრება გამოაქვეყნა[1]. კანონპროექტის მიზანი ევროკავშირის ტერიტორიაზე არალეგალურად მცხოვრები მონაცემთა სუბიექტების სამშობლოში დაბრუნებისა და რეინტეგრაციის ხელშეწყობაა[2].

ევროკავშირის მონაცემთა დაცვის ზედამხედველის მოსაზრებით, საჭიროა კანონპროექტის შინაარსისა და მონაცემთა სუბიექტების ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებზე მისი ზემოქმედების სიღრმისეული შეფასება, მათ შორის, კონფიდენციალურობისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით, რაც მონაცემთა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების დროულ იდენტიფიცირებასა და ინციდენტთა პრევენციას ხელს შეუწყობს.

მოსაზრების ფარგლებში, ევროკავშირის მონაცემთა დაცვის ზედამხედველი მიგრაციისა და მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის შემდეგ ძირითად საკითხებს აწესრიგებს[3]:

  • მონაცემთა სუბიექტების ინფორმირების ვალდებულება მათ შესახებ მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე, რაც მოიცავს თავშესაფრის მინიჭების შესახებ ან თავშესაფარზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას;
  • მიგრაციისა და თავშესაფრის შესახებ კანონპროექტის შესაბამისობა მონაცემთა დაცვის წესებსა და საერთაშორისო სტანდარტებთან;
  • ინფორმაციის მესამე ქვეყანაში გადაცემის შემთხვევაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესაბამისი გარანტიების არსებობა.

ევროკავშირის მონაცემთა დაცვის ზედამხედველის მოსაზრებით, საიმიგრაციო კანონმდებლობაში მკაფიოდ უნდა ჩამოყალიბდეს კრიტერიუმები, რომელთა საფუძველზე თავშესაფრის მაძიებლებს შესაძლოა უარი ეთქვათ მათ შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გაცნობაზე. გამონაკლისები მონაცემთა სუბიექტების ინფორმირების ვალდებულებასთან მიმართებით უნდა გავრცელდეს მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში, მაგალითად, თუ ინფორმაციის გაცემამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას სახელმწიფო უსაფრთხოებას. ასევე, მიგრაციისა და თავშესაფრის შესახებ კანონმდებლობაში რეკომენდებულია, მიეთითოს მონაცემთა დაცვის წესების თაობაზე. ამავდროულად, საჭიროა მონაცემთა სუბიექტებს ეცნობოთ მონაცემთა დაცვისა და კონფიდენციალურობის უფლებების შესახებ.

მოსაზრების ტექსტში მონაცემთა საერთაშორისო გადაცემის შესახებ ევროკავშირის მონაცემთა დაცვის ზედამხედველი აღნიშნავს, რომ მიგრაციის კონტექსტში მონაცემთა გადაცემისას აუცილებელია პერსონალურ მონაცემთა დაცვის დამატებითი გარანტიების მიღება, განსაკუთრებით, როდესაც ინფორმაცია მესამე ქვეყნის მოქალაქეთა ნასამართლობის საკითხს შეეხება. აგრეთვე, საჭიროა ჩატარდეს მონაცემთა გადაცემის „აუცილებლობის ტესტი“ (“Necessity Test”). ამასთან, საიმიგრაციო მონაცემთა გადაცემამ მონაცემთა სუბიექტთა უფლებებისთვის საზიანო შედეგი ან არაჰუმანური მოპყრობის ფაქტი არ უნდა გამოიწვიოს. საგულისხმოა, რომ ევროკავშირის მონაცემთა დაცვის ზედამხედველი არასრულწლოვანთა შესახებ ინფორმაციის გადაცემისას განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვის საჭიროებაზე ამახვილებს ყურადღებას, რათა ბავშვთა საუკეთესო ინტერესი და მათი კონფიდენციალურობის დაცვის საკითხი სათანადოდ იქნეს გათვალისწინებული.

 

 

 

 

[1] Opinion 9/2025 on the Proposal for a Regulation establishing a common system for the return of third-country nationals staying illegally in the Union.

[2] Press Release by “EDPS”, Migration management: data protection is one of the last lines of defence for vulnerable individuals <https://www.edps.europa.eu/press-publications/press-news/press-releases/2025/migration-management-data-protection-one-last-lines-defence-vulnerable-individuals_en> [20.6.2025].

[3] აქტი მოიაზრება 2024 წლის მაისში მიღებული „მიგრაციისა და თავშესაფრის შესახებ“ პაქტის სამართლებრივი ჩარჩოს ნაწილად.

მსგავსი #Datanewsroom