2025-05-28
ესპანეთის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანომ სამშენებლო ასოციაცია მოვალეთა პერსონალური მონაცემების შემცველი სიის საჯარო გამოქვეყნებისთვის დააჯარიმა
ესპანეთის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანომ, მონაცემთა სუბიექტის მიმართვის საფუძველზე, სამშენებლო ასოციაციის მიერ მოვალეთა პერსონალური მონაცემების შემცველი სიის ბეჭდური ფორმით საჯარო გამოქვეყნების ფაქტი შეისწავლა.[1]
სამშენებლო ასოციაციამ, როგორც დამუშავებისთვის პასუხისმგებელმა პირმა, შენობის შესასვლელში ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილას - განცხადებებისთვის გამოყოფილ შემინულ სივრცეში, ასოციაციის წევრთა სამუშაო შეხვედრის დეტალები გამოაქვეყნა, რომელსაც თან დაერთო ასოციაციის 12 მოვალის პერსონალური მონაცემების შემცველი სია. აღნიშნულ სიაში მოხსენიებულმა ერთ-ერთმა მოვალემ, შემდგომში მონაცემთა სუბიექტმა, მისი მონაცემების დამუშავების კანონიერების საკითხის შესწავლის მიზნით, საზედამხედველო ორგანოს განცხადებით მიმართა.
დამუშავებისთვის პასუხისმგებელმა პირმა საზედამხედველო ორგანოსთან არ ითანამშრომლა და მისთვის წარდგენილ შეკითხვებს არ უპასუხა.
საზედამხედველო ორგანოს მიერ საქმის შესწავლის შემდეგ დადგინდა, რომ დამუშავებისთვის პასუხისმგებელმა პირმა მოვალეთა პერსონალური მონაცემების შემცველი სიის ბეჭდური ფორმით საჯარო გამოქვეყნებით ევროკავშირის „მონაცემთა დაცვის ძირითადი რეგულაციის“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი დაარღვია, რომლის თანახმად პერსონალური მონაცემები უნდა დამუშავდეს იმგვარად, რომ სათანადო ტექნიკური ან ორგანიზაციული ზომების მეშვეობით უზრუნველყოფილი იყოს მათი უსაფრთხოება, მათ შორის დაცული იყოს უკანონო და არაუფლებამოსილი პირების მიერ დამუშავების, შემთხვევით დაკარგვის, განადგურების ან დაზიანებისაგან (უსაფრთხოება და კონფიდენციალურობა). მოვალეთა პერსონალური ინფორმაციის შემცველი სიის საჯარო გამოქვეყნება კი, არღვევდა ძირითადი რეგულაციის წინამდებარე პრინციპს.
ესპანეთის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანომ სამშენებლო ასოციაცია 1 000 ევროს ოდენობით დააჯარიმა და გადაწყვეტილების მიღებიდან 1 თვის განმავლობაში ასოციაციის მოქმედებების ევროკავშირის „მონაცემთა დაცვის ძირითად რეგულაციასთან“ შესაბამისობაში მოყვანა დაავალა.
[1] Decision of the DPA (Spain), EXP202406389, 22/05/2025,<https://gdprhub.eu/index.php?title=AEPD_(Spain)_-_EXP202406389> [28.05.2025].